Saturday, June 5, 2021

მოგესალმებით!

    ბავშვობაში სამყაროს ,,ვარდისფერი სათვალით" ვუყურებთ. ვარდისფერი ძალიან ნაზი, ლამაზი, ნათელი და მიმზიდველი ფერია. ალბათ სწორედ იმიტომ მოგვწონს რეალობისთვის ასეთი სათვალით ყურება, რომ ირგვლივ ყველაფერი თბილი, მზიანი, მშვიდი, ფერადი და მარტივი ჩანს. ალბათ კიდევ იმიტომ, რომ რეალობასთან თვალის გასწორება გვიჭირს, მეოცნებენი, გამოუცდელები და გულუბრყვილონი ვართ.


   თუმცა დგება მომენტი, როცა ვხვდებით, რომ სამყაროს რეალობა ვარდისფერი არაა, ,,ვიხსნით" სათვალეს და ჩვენს წინ აღიმართება ცხოვრება თავისი სირთულეებით, პრობლემებითა და  ვიწყებთ პრობლემებთან გამკლავებას,  ბრძოლას დამოუკიდებლად თუ სხვათა დახმარებით, მაგრამ მთავარია, რომ  ვიწყებთ....

  ჩვენ უკვე მე-11 კლასს ვამთავრებთ და აღარც ისე პატარები ვართ, რომ ცხოვრების სირთულეებს ვერ ვხედავდეთ. ვერ ვხედავდეთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს როგორ უჭირთ ამ სიტყვის ფართო გაგებით და არა მარტო ჩვენს ირგვლივ....

   ამ ბლოგში გვინდა ვისაუბროთ ჩვენს რეალობაში არსებულ ისეთ თითქოსდა მივიწყებულ პრობლემაზე, როგორიცაა ,,ნაადრევი ქორწინება" და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე აღნიშნული მიმართულებით...

   ადამიანის უფლებების დაცვაზე დღეს ძალიან მრავლად გვესმის მასმედიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, ყველაზე ხშირად აქცენტი კეთდება ბულინგის სხვადასხვა ფორმაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებსა და სიძულვილის ენაზე. როცა ბლოგების კონკურსის შემოთავაზებულ თემებს შორის აღმოვაჩინეთ ,,ნაადრევი ქორწინება",  გადავწყვიტეთ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება სწორედ მის შესახებ. 

   პროფილის სახელად და ბლოგის სათაურად ,,ვარდისფერი სათვალე" ავირჩიეთ, ვინაიდან ვფიქრობთ, კარგად ესადაგება შერჩეულ თემას, ნაადრევ ქორწინებამდე ადამიანები ხომ სწორედ ასეთი სათვალით უყურებენ ცხოვრებას, ხშირ შემთხვევაში კი ვარდისფერი მინები ,,იბზარება" ან ,,იმსხვრევა" და რჩება გაუფერულებული სამყარო, გაცრეცილი და დამსხვრეული ოცნებები...