ნაადრევი ქორწინება თითქმის ყოველთვის შეიცავს სოციალურ-ეკონომიკურ საფრთხეებს, რომელთანაც სრულფასოვანი გამკლავება ოჯახს არ შეუძლია. თუ კარგად გავაანალიზებთ ნაადრევ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ რისკებს, აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან პრობლემებს:
- შეფერხება განათლების მიღების საქმეში;
- შემოსავლის პრობლემა;
- ღირებულებათა გადაფასება;
- სამედიცინო საფრთხე;
ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდებისთვის ოჯახი სწავლის გაგრძელების საკითხში დიდ ბარიერად იქცევა. ორივე პარტნიორი იძულებულია, სწავლის პროცესი ან შეკვეცილი ფორმით გააგრძელოს, ანდა სულაც შეწყვიტოს. უმაღლესი განათლების მიღების შანსი ამ შემთხვევაში სულ უფრო და უფრო მცირდება, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პრაქტიკულად ისპობა, რადგან პარტნიორები იძულებულნი არიან, მიმდინარე ცხოვრებისეულ საკითხებს გაუმკლავდნენ. ამ შემთხვევაში, საკუთარი უკეთესი მომავლისთვის და სწავლისთვის განკუთვნილი რესურსი მიმდინარე პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებულ მოზარდებს სტაბილური და შემოსავლიანი სამსახურის შოვნა არ შეუძლიათ (ამის მიზეზია მათი პროფესიული უნარ-ჩვევების არარსებობა და მიღებული განათლების არასაკმარისობა), ისინი მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. მათი შემოსავალი მწირი და არასტაბილურია, ზოგჯერ კი ორივე პარტნიორი უმუშევარია. ელემენტარული საარსებო პირობების დაუკმაყოფილებლობა, მუდმივად სხვაზე (ძირითადად მშობლებზე) ეკონომიკური დამოკიდებულების გაუსაძლისი ტვირთი ახალგაზრდა ოჯახებს ხშირად გადაულახავი ფსიქოემოციური პრობლემების წინაშე აყენებს. ბავშვის ან საკუთარი თავის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა წყვილში განხეთქილებას და მუდმივი კონფლიქტის საფუძველს წარმოშობს.
იმ ადრეულ ასაკში, როდესაც კონკრეტული პერსონები დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებენ, მათი ფსიქო-სოციალური ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მომავალში ხშირ შემთხვევაში ეცვლებათ ღირებულებითი ორიენტირი, შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, გემოვნება, მისწრაფებები, ინტერესები. ამგვარი აცდენები წყვილს შორის ხშირად ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. რასაკვირველია, განქორწინების მაჩვენებელი ზრდასრული ადამიანებისგან შემდგარ წყვილებს შორისაც არსებობს, თუმცა სტატისტიკა გვეუბნება, რომ საქართველოში განქორწინებათა რიცხვის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე მოდის.
გარდა ფსიქო-სოციალური პრობლემებისა, ჯანმრთელობის მხრივ რეალური საფრთხე ექმნებათ ადრეულ ქორწინებაში მყოფ გოგონებს, რომელთა ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაში იმყოფება და სრულად არ არის მომწიფებული სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტებისა და ამ ყველაფრის თანმხლები ბევრი ქალური დაავადებისთვის. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წლიური ანგარიშის თანახმად („დედობა ბავშვობაში“ 2013 წ), განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს, რომელთა შორის ორ მილიონს 14 წლამდეც კი არ მოუღწევია. ასევე, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 მოზარდი გოგონა კვდება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, არაუსაფრთხოდ ჩატარებული აბორტები კი 3,2 მილიონ მოზარდზე მოდის.
ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი 18 წლამდე ასაკის გოგონა ქორწინდება.
მათ წართმეული აქვთ განათლების, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების
უფლებები. ბავშვთა ქორწინება ძირს უთხრის ჩვენს ძალისხმევას, რომ ავაშენოთ ჯანმრთელი,
უსაფრთხო, სამართლიანი და ყველასთვის უფრო წარმატებული სამყარო.
გოგონები პატარძლებად არ იბადებიან!
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მილიონობით გოგონას ცხოვრება გავაუმჯობესოთ.




No comments:
Post a Comment