ჩვენ ხშირად გვსმენია ასეთი სიტყვები: ყველა ქალი გათხოვებაზე ოცნებობს, თუმცა ჩვენი აზრით ეს ფრაზა მეტად სიცოცხლისუნარიანი და მყარი სტერეოტიპია, რომელიც ასე მუშაობს: თითქოს ყველა ქალს სურს კაცის ,,გამოჭერა“, ანუ მასზე დაქორწინება, ხოლო კაცებს კი-ქორწინების გარეშე სექსი.
მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს და ქალთა დისკრიმინაციის მძლავრი ფაქტორია.
იმის გამო, რომ ადრეული ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვის შესახებ. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ადრეული ქორწინების სტატისტიკის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოში ადრეული ქორწინების პრაქტიკა მკვეთრად განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მშობლების გარიგებით ქორწინება უფრო გავრცელებულია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით რეგიონებში.
გარდა ამისა, ადრეული ქორწინების ცნება შეუსაბამობაში მოდის ადგილობრივ კანონმდებლობასთან. არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვან გოგონას გათხოვებას ოჯახი (მშობლები, ოჯახის მამრობითი სქესის წევრები) აიძულებს. ამ მანკიერი მოვლენის აღმოსაფხვრელად, 2015 წლის 1 აპრილიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 1501 მუხლი („ქორწინების იძულება“) დაემატა.
შექმნას თუ არა ოჯახი ახალგაზრდამ, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს სასურველი და აუცილებელიც კი არის მან გაითვალისწინოს, შეძლებს თუ არა გაართვას თავი იმ მოვალეობებსა და ვალდებულებებს, რაც ოჯახის შექმნის შემდეგ დაეკისრება, არის თუ არა მზად ფიზიკურად და მორალურად ამ ნაბიჯის გადასადგმელად?
ჩვენი აზრით განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია.
მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ქორწინება საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება, გოგონების მოტაცების ფაქტები მაინც ფიქსირდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მოტაცებული პატარძლის დაბრუნება კი ბევრი ოჯახსითვის სირცხვილია. მსგავსი შემთხვევები ბავშვებზე ძალადობა და მათი უფლებების აშკარა დარღვევაა, თუმცა, ხშირად ბავშვის ინტერესებზე მაღლა ოჯახის “ღირსებას” აყენებენ ხოლმე. მოტაცებული პატარძალი, რომელიც სახლში ბრუნდება კი სწორედ ამ ღირსებას უქმნის საფრთხეს.
,,ოჯახის შენარჩუნების” აუცილებლობას და სირცხვილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაშორებას მოჰყვება, კიდევ ერთ კულტრურულ ფენომენთან მივყავართ.
ნაადრევი ქორწინება არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა პოეტისა თუ მწერლის, რეჟისორისა თუ საზოგადო მოღვაწის ლექსის, რომანის, ფილმისა თუ მემუარების ინსპირაციის წყარო...
როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ბუნებრივია, მათ ერთად ყოფნა და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სურთ. ის რაც სიყვარული გვგონია, ხშირად უბრალო გატაცება აღმოჩნდება ხოლმე და კიდევ უფრო უარესი, თუ ეს ქორწინების შემდეგ გამომჟღავნდება.
არც დანტესა და ბეატრიჩეს, არც პეტრარკასა და ლაურას, არც რომეოსა და ჯულიეტას ოჯახი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათმა სიყვარულმა საუკუნეებს გაუძლო.
სამაგიეროდ ნაჩქარევად შექმნილი ბევრი ოჯახი დროის გამოცდას ვერ უძლებს და მალევე ინგრევა.










No comments:
Post a Comment