ჩვენი აზრით პირი, რომელიც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს, ამისთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებული უნდა იყოს. იგი კარგად უნდა ერკვეოდეს ოჯახის რაობაში, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილების რისკი და შედეგები. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება კარგად უნდა იყოს აწონ-დაწონილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეფუძნებოდეს უეცარ, ემოციაზე დამყარებულ სურვილს. ოჯახი რამდენიმე ადამიანის ერთობლივი ცხოვრებაა, მათ შორის არა მხოლოდ პარტნიორთან ცხოვრების დაგეგმვა, არამედ ბავშვებზე აღებული დიდი პასუხისმგებლობაც.
გოგონებს, რომლებსაც ძალზე ადრე ათხოვებენ, ძირითად შემთხვევაში ართმევენ სწავლის უფლებას, ხშირად ისინი ოჯახში ძალადობისა და აბუჩად აგდების მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა ისინი ადრე ორსულდებიან, მათი ორგანიზმი მშობიარობისთვის მზად არ არის, რამაც შესაძლებელია დამღუპველი გავლენა იქონიოს მათ და მათი შვილების ჯანმრთელობაზე. ან შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში ისინი არ დაორსულდნენ და ამის გამოც გახდნენ დაცინვისა და სიძულვილის ენის მსხვერპლნი.
ზემოთქმული კი იმის სრულ საფუძველს გვაძლევს, სერიოზული საფრთხის საშიშროება ვიგრძნოთ. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით კი შესაძლებელია სულ პატარა, მაგრამ საჭირო და დროული მესიჯები გავუგზავნოთ საზოგადოებას, მშობლებს და პირველ რიგში ნაადრევი ქორწინების პრობლების წინაშე მდგომ მოზარდებს:
მიმართვა ნაადრევი ქორწინების პრობლების წინაშე მდგომ მოზარდებს:
- ატარეთ ,,ვარდისფერი სათვალე" თვალებზე და უყურეთ ცხოვრებას ლამაზ ფერებში, მაგრამ არ გირჩევთ ატაროთ ,,გონების ვარდისფერი სათვალე" და დაკარგოთ რეალობის აღქმა!...;
- გახსოვდეთ, რომ ნაადრევი ქორწინებით (გინდ თქვენი სურვილით მოხდეს, გინდ იძულებით), უარს ამბობთ ბავშვობის ლამაზ წლებზე და საკუთარ მომავალზე (ჯანმრთელობა, განათლება, კარიერა... );
- თუ თქვენ ძალადობის მსხვერპლი ხართ და ხვდებით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, დაუკავშირდით სოციალურ სამსახურს და ნუ დაუმალავთ თქვენს პრობლემას;
- იყავით ლაღები, თამამები, მიზანდასახულები. თუ მაინც დაქორწინდით და თქვენი ქორწინება კრახით დასრულდა, გულს ნუ გაიტეხთ, ცხოვრება ამით არ სრულდება, წინ ბევრი საინტერესო და შინაარსიანი სიახლე გელოდებათ, მთავარია არ დაეცეთ, პრობლემებს თვალი გაუსწოროთ და საკუთარ თავს შესძახოთ: ,,მე ამას შევძლებ", ,,ეს ჩემთვის გამოწვევაა და მე ამას დავძლევ", ,,საყვარელი ადამიანები არ მიმატოვებენ და დამეხმარებიან ფეხზე წამოდგომაში", ...... ;
- ნუ აიძულებთ თქვენს შვილებს ადრეულ ასაკში შექმნან ოჯახები თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის მდიდარი, ლამაზი, კარგი ოჯახის შვილი სასიძო ან სარძლო გყავთ შერჩეული. მიეცით უფლება, თავად გადაწყვიტოს;
- ნუ მისცემთ უფლებას სხვას თქვენს შვილს ცხოვრება დაუნგრიოს, ნუ მიატოვებთ მას გაჭირვებაში და ნუ აიძულებთ იცხოვროს ადამიანთან, ვისზე გათხოვებამაც მას ბედნიერება არ მოუტანა, დაეხმარეთ წამოდგეს, წელში გასწორდეს და თქვენი მხარდაჭერა იგრძნოს;
- ნუ იქნებით გულგრილი თქვენს ირგვლივ მომხდარი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებისადმი, ნუ იმოქმედებთ ,,სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" პრინციპით!








No comments:
Post a Comment